Monday, January 2, 2012

,,საახალწლო ზღაპარი"

პირველი სცენა

მთხრობელი: - შორეულ წარსულში თოვლის პაპის სამეფოში უცნაური ამბავი დატრიალდა. ზაღაპრის გმირებმა გადაწყვიტეს თავი შეეხსენებინათ ადამიანებისთვის და დიდი აურზაური მოაწყეს. ბოროტმა თოვლის დედოფალმა ახალი წლის მოპარვა განიზრახა, დანაღვლიანებული თოვლის ბაბუას ხარ-ირმების გარეშე დატოვა. მაგრამ ახალი წელი რის ახალი წელია სიკეთემ თუ არ გაიმარჯვა?! ასე მოხდა ჩვენ საახალწლო ზღაპარშიც, თუმცა მე, რომ ეხლა ყველაფერი მოგიყვეთ ზღაპარი უინტერესო გახდება
ცოტახნით გადავინაცვლოთ ბავშვობაში, ზღაპრების სამეფოში და ერთად ვნახოთ რა მოხდა წინასაახალწლო დღეებში თოვლის პაპის სამეფოში.

(სცენაზე შემოდის შვიდი ჯუჯა)

1-ლი ჯუჯა: - რა კარგი ამინდია!

მე-2 ჯუჯა: - მერე ეგ არის სასიხარულო?! არ თოვს!

მე-3 ჯუჯა: - რა მოხდა, რომ არ თოვს? ასეთი ამინდები სხვა წლებშიც ხომ გვქონია?

მე-2 ჯუჯა: - როგორ არა, მაგრამ სხვა წლებში თოვლი ასე ჩქარა არ შრებოდა!

მე-4 ჯუჯა: - კამათის დრო გვაქვს? შეხედე რამდენი საქმეა გასაკეთებელი.

მე-5 ჯუჯა: - სასწრაფოდ თოვლის ბაბუიის ხარ-ირმები უნდა მოვამზადოთ, ბავშვების წერილები და საჩუქრები უნდა მოვაწესრიგოთ.

მე-6 ჯუჯა: - ბავშვების წერილები და საჩუქრები უნდა მოვაწესრიგოთ.

მე-7 ჯუჯა: - შენ მხოლოდ სხვისი ნათქვამები იმეორე!

მეორე სცენა

მთხრობელი: - სანამ ჯუჯები ამინდზე ბჭობდნენ, თოვლის პაპა სახლში თოვლის ბებოს მიერ გაკეთებულ უგემრიელეს ჩაის და ხვეზელებს შეექცეოდა.

(მოქმედება ხდება თოვლის პაპის სახლში)

თოვლის ბაბუა: - დილამშვიდობისა თოვლის ბებო!

თოვლის ბებო: - დილამშვიდობის. ნახე, რა კარგი ამინდია, მალე ახალი წელი გვეწვევა.

თოვლის ბაბუა: - ჯუჯები სად არიან? მოამზადეს საჩუქრები? წაიკითხეს წერილები?

(შემორბის ფიფქია, ის ძალიან შეწუხებულია, ტირის და სლუკუნებს, ძლივს ლაპარაკობს)

ფიფქია: - თოვლის ბაბუა, უბედურება მოხდა!

თოვლის ბებო: - რა მოხდა ფიფქია?

თოვლის ბაბუა: - მალე, მალე თქვი ფიფქია რა მოხდა!

ფიფქია: - თოვლის ბაბუა (ტირის და სლუკუნებს), გაქრნენ, გაქრნენ...

თოვლის ბაბუა: - ვინ გაქრა ფიფქია, ჩქარა თქვი გულს ნუ მიხეთქავ.

ფიფქია: - შენი ხარ-ირმები გაქრნენ!

თოვლის ბაბუა: - როგორ თუ გაქრნენ, რას მელაპარაკები! (ამბობა გაბრაზებით, ხუმრობა ჰგონია)

(ამ დროს შემოდიან ჯუჯები)

1-ლი ჯუჯა: - თოვლის ბაბუა ცხოველები საერთოდ აღარსად ჩანან, მგონი გაქრნენ.

მე-2 ჯუჯა: - აღარც თოვლი მოდის, ისეთი მზე ანათებს თუ თოვლი არ მოვიდა, სულ დადნება ყველაფერი
და საახალწლოდ თოვლი აღარ გვექნება.

მე-3 ჯუჯა: - თოვლის ბაბუა, რა გვეშველება?

მე-4 ჯუჯა: - თოვლის ბაბუაააა (ტირის)

მე-5 ჯუჯა: - რამე უნდა ვიღონოთ საჩქაროდ!

მე-6 ჯუჯა: - რამე უნდა ვიღონოთ საჩქაროდ!

მე-7 ჯუჯა: - შენ მარტო ჩვენი ნათქვამები იმეორე (ბრაზობს).

თოვლის ბაბუა: - თოვლის დედოფალი, ყველაფერი მისი ბრალი იქნება.


მესამე სცენა

მთხრობელი: - თოვლის ბაბუა არ ტყუოდა. ყველაფერი მართლაც, რომ თოვლის დედოფლის ბრალი იყო.

(მოქმედება ხდება თოვლის დედოფლის სასახლში)

მოსამსახურე: - თქვენი ბრძანება შესრულებულია დედოფალო, ცხოველები ყინულის ციხეში არიან, ცაში
ფიფქები გავყინეთ. კიდევ რამეს ხომ არ მიბრძანებთ?

თოვლის დედოფალი: - ჰა-ჰა-ჰა (იცინის ბოროტულად), სარკე მომიტანეთ საჩქაროდ.

მოსამსახურეს დედოფლის სარკე მოაქვს.

თოვლის დედოფალი: - სარკევ, სარკევ, ვინ არის ქვეყანაზე ყველაზე ლამაზი?

სარკე: - ამ ქვეყანაზე მხოლოდ ერთი არსება დადის, რომელიც ყველაზე ლამაზია - ეს არის ფიფქია.

თოვლის დედოფალი: - არა, არა დღეიდან ყველაზე ლამაზი მხოლოდ მე ვიქნები (ნასიამოვნები ამბობს დედოფალი). სულელო ფიფქია, მოვიდა შენი აღსასრულის დღე!

- მომგვარეთ თოვლის ბაბუის კუ!

(მოსამსახურეს მოჰყავს საწყალი, დაღლილი კუ)

თოვლის დედოფალი: - გიბრძანებ, საჩქაროდ წახვიდე თოვლის ბაბუიის სახლში და ჩემი დანაბარები
გადასცე მათ: თუ საჩქაროდ ფიფქიას არ მომგვრიან, წლევანდელი ახალი წელი გადაიდება! ჰა-ჰა-ჰა

მეოთხე სცენა

მხრობელი: - საწყალი კუ ნელი ნაბიჯით გაუყვა თოვლის ბაბუის სახლისკენ მიმავალ გზას. რამდენიმე საათი დასჭირდა მას. ბოლოს როგორც იქნა მიაღწია.

(თოვლის ბაბუიის სახლში ყველა დანაღვლიანებულია)

ფიფქია: - ძვირფასო კუ, როგორ ხარ? სად დაიკარგეთ ყველანი? კურდღლები, ციყვები და სხვა ცხოველები როგორ არიან?

თოვლის ბაბუა: - რა ხდება გამაგებინე? რა უნდა ჩვენგან იმ ბოროტ დედოფალს? (ეუბნება დაღონებული)

კუ: - დედოფალი ფიფქიას ითხოვს თოვლისა და ცხოველების სანაცვლოდ. (ამბობს დანაღვლიანებული)

თოვლის ბაბუა: - კი მაგრამ რატომ? ფიფქიამ რა დააშავა?

კუ: - დედოფალზე ლამაზია. დედოფალი შურიანი და ბოროტია, არ უნდა სხვა, რომ მასზე ლამაზი იყოს, ამიტომ დაგვიჭირა ჩვენ, გაყინა ცაში ფიფქები და წაართვა ადამიანებს საახალწლო განწყობა.

1-ლი ჯუჯა: - ნუთუ საშველი აღარსად არის?

მე-2 ჯუჯა: - თოვლის ბაბუა ფიფქიას გარეშე ახალი წელი როგორღა მოვა?

მე-3 ჯუჯა: - ფიფქია, თოვლის ბაბუააა! (ტირის)

მე-4 ჯუჯა: - რამე უნდა ვიღონოთ გამოსავალი აუცილებლას სადმე იქნება!

მე-5 ჯუჯა: - ჩვენს ფიფქიას არსად გავუშვებთ!

მე-6 ჯუჯა: - ჩვენს ფიფქიას არსად გავუშვებთ!

მე-7 ჯუჯა: - უუუფ! სულ რატომ იმეორებ ნათქვამებს?

ფიფქია: - თოვლის ბაბუა, თუ ჩემს გამო ახალი წელი უნდა ჩაიშალოს მე მზად ვარ თავი შევწირო. მთავარია ბავშვები გავამხიარულოთ ახალი წლის ლამაზ წუთებში თოვლი და საჩუქრები ვაჩუქოთ. (ამბობს დამწუხრებული)

თოვლის ბებო: - რამე იღონე თოვლის ბაბუავ? (ამბობს გაბრაზებული)

თოვლის ბაბუა: - ვფიქრობ, მაგრამ გამოსავალს ვერ ვპოულობ. თოვლის დედოფლის ბოროტება ჩვენზე ძლიერია. (ამბობს დამწუხრებული)

მეხუთე სცენა

მთხრობელი: - ასე განვითარდა მოვლენები ზღაპრების სამყაროში. ამ დროს დედამიწაზე, ხალხი მწუხარებამ მოიცვა, აღარ იყო საახალწლო განწყობა, ბავშვები დანაღვლიანებულები დადიოდნენ. საქართველოში ერთმა პატარა გოგონამ, რომელსაც ჯერ კიდევ სჯეროდა ზღაპრების გადაწყვიტა გაეგო რა ხდებოდა. პატარა გოგონა ჩუმად გაიქცა სახლიდან და ტყისკენ გაეშურა, იქნებ იქ მაინც შეხვედროდა ვინმეს ვინც აუხსნიდა, რა ემართებოდათ ადამიანებს.

ტყეში სეირნობისას პატარა გოგონამ დიდი კოცონი შენიშნა და იქით გაეშურა.

გოგონა: - გამარჯობა!

12 კაცი: - გამარჯობა, პატარა გოგონავ.

1-ლი კაცი: - რა გაგჭირვებია? რატომ დადიხარ ასე გვიან ტყეში?

მე-2 კაცი: - თანაც მარტო!

გოგონა: - ძალიან მოვიწყინე, ხალხი დანაღვლიანებული დადის, ახალი წლის მოსვლამდე კი სულ რაღაც
ერთი საათი რჩება. თოვლიც არა გვაქვს, ჩემი პატარა ფისოც რატომღაც გაქრა. ალბათ, წლევანდელი ახალი წელი ყველაზე საშინელი იქნება.

(გოგონა იმდენად მოწყენილი, რომ ვერც კი ამჩნევს კაცები თავისთვის ჩუმად ჩურჩულს, რომ იწყებენ)

მე-3 კაცი: - ვუთხრათ?

მე-4 კაცი: - იქნებ არ ღირს, შეიძლება უფრო ცუდად დასრულდეს ყველაფერი.

მე-5 კაცი: - იქნებ ამ პატარა გოგონამ მაინც გვიშველოს, ხომ იცით, რა დღეში ჩავვარდებით თოვლი თუ არ მოვიდა?!

მე-6 კაცი: - მართალი ხარ. სულ აირევა წელიწადის დროები და დედამიწაზე თოვლის დედოფალი გაბატონდება.

მე-7 კაცი: - არ უნდა მივცეთ ბოროტებას სიკეთეზე გამარჯვების საშუალება!

მე-8 კაცი: - ყველაფერი ჩვენს ხელთაა!

(ჩაფიქრებულ გოგონას ჩახველების ხმა მოესმება)

მე-12 კაცი: - ჩვენ წელიწადის თვეები ვართ. მე დეკემბერი ვარ.

1-ლი კაცი: - მე - იანვარი.

მე-2 კაცი: - მე - თებერვალი.

მე-3 კაცი: - მე - მარტი.

მე-4 კაცი: - მე აპრილი.... (ასე ბოლომდე ჩამოთვლიან)

(გოგონა გაოცებულია და აქეთ-იქით იყურება)

დეკემბერი: -ჩვენ ყოველთვის ახლოს ვართ თქვენთან, ადამიანებთან, უბრალოდ, როცა ადამიანი იზრდება ზღაპრები ნელ-ნელა ავიწყდება. ახლა კი სწორედ ზღაპარში მოხდა გაუგებრობა. ბოროტმა თოვლის დედოფალმა გადაწყვიტა ახალი წელი დაავიწყოს ადამიანებს.

გოგონა: - ვერ გამიგია ვერაფერი (თავისთვის ჩაილაპარაკებს და თვალების ფშვნეტას დაიწყებს).

ივნისი: - ეს სიზმარი არ არის, ეს - სინამდვილეა. ბოროტმა დედოფალმა მოიტაცა ცხოველები, ცაში გაყინა
თოვლის ფიფქები, მოიპარა თოვლის ბაბუის ხარ-ირმები.

აგვისტო: - სანაცვლოდ ფიფქიას ითხოვს.

გოგონა: - ფიფქიას გარეშე ახალი წელი როგორღა მოვა? ვერც თოვლის პაპა დაარიგებს ამდენ საჩუქრებს.

ივნისი: - ერთადერთი რამ უშველის თოვლის ბაბუას. მან, რაც შეიძლება ბევრი კარამელის კანფეტი უნდა
გაატანოს ფიფქიას თოვლის დედოფალთან.

სექტემბერი: - ფიფქიამ უნდა მიართვას კანფეტები თოვლის დედოფალს და როგორც კი ის შეჭამს, ეგრევე კეთილი გახდება და ზღაპრების სამყაროშიც ყველაფერი დალაგდება.

გოგონა: - კი, მაგრამ, თოვლის ბაბუამ არ იცის ამის შესახებ?

დეკემბერი: - არა, და ვერც გაიგებს ივნისის მოსვლამდე. ეს ძმა ივნისის საიდუმლოა. ჩვენ არ გვაქვა მისი თქმია უფლება.

გოგონა: - მაშ, წელს ახალი წელი არ გვექნება? (გოგონა იწყებს ტირილს).
(თვეები ერთმანეთს გადახედავენ)

თებერვალი: - ძმბეო, ახლა ეს საიდუმლო ჩვენს გარდა ამ პატარა გოგონამაც იცის. თქვენ თუ მომეხმარებით
შეგვიძლია დიდი ქარიშხალი დავატრიალოთ და ჩვენი მარხილით კეთილი გოგონა თოვლის ბაბუის სახლში გავგზავნოთ.

მეექვსე სცენა

მთხრობელი: - ზღაპრის კეთილი გმირები ბოლოს ყოველთვის ბოროტებზე ძლიერები აღმოჩნდებიან ხოლმე. თვეებმა პატარა გოგონა თოვლის ბაბუის სახლში გააგზავნეს თავიანთი დიდი მარხილით. თოვლის ბაბუასთან ყველა მოწყენილად იჯდა და გამოსავალს ეძებდა.

1-ლი ჯუჯა: - შენ ვინ ხარ?

მე-2 ჯუჯა: - რა უზრდელი ხარ! პატარა გოგონა სულ გაყინულა, შენ კი ეგრევე კითხვები დააყარე.

მე-3 ჯუჯა: - მოდი გოგონა, ბუხართან გათბი.

მე-6 ჯუჯა: - მოდი გოგონა, ბუხართან გათბი.

მე-7 ჯუჯა: - აი ისევ!

თოვლის ბაბუა: - პატარა გოგონავ, რა გქვია? როგორ მოხვდი ჩემს სახლში?

გოგონა: მე მარიამი მქვია, საქართველოდან ვარ. წელიწადის თვეებმა გამომგზავნეს თქვენთან. თოვლის
ბაბუა ფიფქია სად არის?

თოვლის ბაბუა: - ფიფქია თოვლის დედოფალთან გავგზავნეთ. (მოწყენილია)

გოგონა: - უკვე... მისთვის კარამელის ტკბილი კანფეტები უნდა გაგეტანებინათ (იწყებს ტირილს)

თოვლის ბაბუა: - რატომ მარიამ?

გოგონა: - მხოლოდ ასე შეიძლბა თოვლის დედოფლის დამარცხება. როგორც კი კანფეტებს შეჭამა, კეთილი გახდება. ასე მითხრა ივნისმა.

თოვლის ბაბუა: - ჩქარა ჯუჯებო, ჩქარა. ფიფქია, ალბათ, ჯერ არ იქნება შორს, დაეწიეთ და კანფეტები მიეცით.

მთხრობელი: - ჯუჯები რის ჯუჯები იქნებოდნენ თავიანთი ფიფქიის გადასარჩენათ ყველაფერი, რომ არ ეღონათ. ფიფქიამ კარამელებით დატვირთულმა შეაბიჯა თოვლის დედოფლის სასახლეში.

მეშვიდე სცენა

თოვლის დედოფლის სასახლე

მოსამსახურე: - თოვლის დედოფალო, ფიფქია გეახლათ. შემოვიყვანო თქვენთან?

დედოფალი: - შემოიყვანეთ რაღას უცდით?! ჰა-ჰა-ჰა... ფიფქია, ფიფქია... (ბოროტულად იცინის)
შემოდის ფიფქია

თოვლის დედოფალი: - როგორც იქნა! შენ, სულელო, მეტიჩრავ! როგორც იქნა ჩემთან ხარ! ახლავე გაგყინავ და მერე მე ვიქნები დედამიწაზე ყველაზე ლამაზი და მშვენიერი!

ფიფქია: - თოვლის დედოფალო, სანამ გამყინავდე ერთი სურვილი შემისრულე, ძალიან გთხოვ! (მუდარით ამბობს)

თოვლის დედოფალი: - სურვილები მომინდომა ამ სულელმა! (ამბობს გაბრაზებული)

ფიფქია: - ძალიან გთხოვ, ხომ მაინც შენი ვარ ახლა!

თოვლის დედოფალი: - კარგი, კარგი! თქვი სწრაფად რა გინდა! დრო აღარ იცდის!

ფიფქია: - თოვლის ბაბუის სახლიდან თქვენთის უგემრიელესი კარამელის კანფეტები წამოვიღე და
მიირთვით, გთხოვთ!

თოვლის დედოფალი: - სულელი!

მთხრობელი: - ზღაპარი ხომ ზღაპარი აღარ იქნებოდა, ბოროტებას სიკეთეზე, რომ გაემარჯვებინა? თოვლის დედოფალს იმდენად უნდოდა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ის ყოფილიყო და ყველაზე ებატონა, რომ დაუფიქრებლად შეჭამა კანფეტები და მოხდა სასწაული....

(აქ ყველაფერი მზით იფარება და გაყინული სასახლე თბება და ლღვება)

თოვლის დედოფალი: - ეს რა მიყავი შენ სულელო! (ყვირის, ტირის)
(დედოფალი ძირს ეცემა უღონოდ, ხოლო როცა დგება ფიფქიას ეკითხება გაკვირვებული)

თოვლის დედოფალი: - ფიფქია, შენ აქ რა გინდა შვილო? ახალი წელი კარზე მოგვდგომია, თოვლის ბაბუასთან არ უნდა იყო ახლა? ან ამ ცხოველებს რა უნდათ აქ?

ფიფქია: - თქვენს დასაპატიჟებლად გამომგზავნა თოვლის ბაბუამ. ხომ წამოხვალთ? ერთად შევხვდეთ ახალ წელს.

თოვლის დედოფალი: - მართლა? რა კარგია? ჯერ არასოდეს დავუპატიჟებივარ ვინმეს ახალ წელზე. (ნაღვლიანად ამბობს) წავიდეთ ჩქარა, უკვე ვაგვიანებთ.

მერვე სცენა

ციდან ფიფქები ეშვებიან და თან მღერიან (ფიფქები ცვივა და ფიფქები მღერიან...)

1-ლი ფიფქი: - ახალი წელი ახლოვდება!

მე-2 ფიფქი: - სადაც არ ვიყავით ყველგან დიდი სამზადისია.

მე-3 ფიფქი: - და ყველგან ძალიან გველიან

1-ლი ფიფქი: - რა კარგია, რა კარგია!

მე-2 ფიფქი: - როგორც იქნა გავთავისუფლდით

მეცხრე სცენა

მთხრობელი: - ახალი წელის მოსვლას ერთი საათი აკლდა, ზღაპრების სამყაროდან შორს, ადამიანების სამყაროში კი ისევ მოწყენილობა სუფევდა. საქართველოში, ერთ პატარა ოჯახში, ბავშვები ნაძვის ხეს შემოსხდომოდნენ და წუთებს ითვლიდნენ. თოვლის ბაბუა კი არსად ჩანდა.

ბავშვები: - დედა, მამა, თოვლის ბაბუა იგვიანებს, ნეტა რა ხდება?

დედა: - ალბათ, რამე ეწყინა. მოდი ყველამ ერთად დავანახოთ როგორ გვიყვარს, რა კარგი ბავშვები ხართ და აუცილებლად მოვა.

ბავშვები: - როგორ მოვიქცეთ? როგორ დავანახოთ?

დედა: - ახალი წელი როდის მოდის?

ბავშვები: - ზამთარში

დედა: - რა ხდება ზამთარში?

ბავშვები: - ცივა, თოვლი მოდის, ვგუნდაობთ, ვციგაობთ, თოვლის ბაბუას ვაკეთებთ...

დედა: - ჰოდა, მოდით მოვეფეროთ ზამთარ, თოვლს, ახალ წელს ჩვენი ლექსებით, სიმღერებით, ცეკვებით

მღერია, ლექსებს ყვებიან და ცეკვავენ, ამ დროს კარზე აკაკუნებს თოვლის ბაბუა.

თოვლის ბაბუა: - აი მეც მოვედი! აბა რომელი თქვენგანი იყო წელს კარგი ბავშვი, ვინ უჯერებდა დედას და
კარგად სწავლობდა? ვინ მომიყვება კარგ ლექსებს და იმღერებს სიმღერებს?

ბავშვები მღერიან, ყვებიან ლექსებს და თოვლის ბაბუასთან ერთად ერთობიან.

შემოდის მთხრობელი

მთხრობელი: - ასე დასრულდა ჩვენი საახალწლო ზღაპარი.

რესურსები:

თოვლის ბაბუის სახლისთვი: პლაკატი, რომელზეც გამოსახული იქნება სახლის სიუჟეტი, მაგიდა, ჭიქები, ვაზა ვაშლებით და სხვა ხილით;

თოვლის დედოფლის სახლი: პლაკატი თოვლის დედოფლის სასახლის სიუჟეტით;

ტყის სიუჟეტი: შეშა, რომელიც დაიდება ,,12 თვის" შუაში, პლაკატი ტყის სიუჟეტით;

ოჯახის სცენა: პლაკატი ოჯახის სიუჟეტით

სხვა რესურსები: ტანისამოსი, ნაძვის ხე, სიმღერა ,,ფიფქები ცვივა და..." ფიფქების სცენისთვის.

No comments:

Post a Comment