24 ნოემბერს ამერიკას
მადლიერების დღე უნდა აღენიშნა. მთელი თვე ვფიქრობდი რა შეიძლება გამეკეთებინა ჩემი
მოსწავლეებისთვის ამ დღეს. ათობით საიტი დავათვალიერე, წავიკითხე მასწავლებელთა სტატიები,
რჩევები, მაგრამ ისეთი მაინც ვერაფერი ვნახე რაც მე გამომადგებოდა. ინგლისურს მხოლოდ
დაწყებით საფეხურზე ვასწავლი და ყველა კლასმა წელს დაიწყო უცხო ენის შესწავლა, ამიტომ
ისეთი რამ მესაჭიროებოდა, რაც ადვილიც იქნებოდა, სახალისოც და შემეცნებითიც.
ბოლოს გადავწყვიტე
მთელი კვირა მადლიერების დღისთვის მიმეძღვნა და მოსწავლეებისთვის პრეზენტაციაც გამეკეთებინა,
სიტყვებიც მესწავლებინა და სხვადასხვა აქტივობაც განმეხორციელებინა კლასებში.
პირველ რიგში გავაკეთე
პრეზენტაცია მადლიერების დღის შესახებ. რა თქმა უნდა ეს პრეზენტაცია ქართულ ენაზე იყო,
რადგან მოსწავლეებმა ჯერ არ იციან ინგლისური კარგად. თუმცა, მე ვფიქრობ, ამგვარი პრეზენტაციები
ძალიან სასარგებლოა ინგლისური ენის გაკვეთილებზე. მოსწავლეებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ
ცოტა რამ იმ ხალხის კულტურისა და ტრადიციების შესახებ ვის ენასაც სწავლობენ.
პრეზენტაციის შემდეგ
მოსწავლეებს ავუხსენი რამდენიმე სიტყვა და ვასწავლე ლექსები, რომლებიც მადლიერების
დღესთან იყო კავშირში.
როცა მადლიერების
დღის შესახებ სხვადასხვა აქტივობებს ვეძებდი, ერთ-ერთ საიტზე ძალიან საინტერესო რამეს
წავაწყდი. ეს აქტივობა V კლასში გავაკეთე. მეორე დღეს მოსწავლეები უკვე ფლობდნენ ზოგად
ინფორმაციას ამ დღესასწაულის შესახებ. მოსწავლეებს დავურიგე წინასწარ გამოჭრილი პატარა
ინდაურები, რომლებიც სახლში უნდა წაეღოთ და მშობლებთან ერთად გაეფორმებინათ. ასევე
ვასწავლე ინგლისურად მადლიერების გამოხატვა შემდეგი ფორმით ,,I am thankful for my…”.
თითოეულმა მოსწავლემ გაკვეთილზევე შეადგინა რამდენიმე წინადადება, თუ ვისთვის იყო მადლიერი.
მათი დავალება იყო თავიანთ გაფორმებულ ინდაურებზე დაეწერათ ვისთვის ან რისთვის იყვნენ
მადლიერები. შემდეგ დღეს კი ყველა ინდაური დიდ პლაკატზე დავაწებეთ და კედელზე გავაკარით.
ბავშვებმა ბევრი იხალისეს:)
ასევე შეიძლება
თაბახის ფურცელზე შუაში წრის დახატვა, რომელშიც ჩაიწერება ზემოთ მოყვანილი ფრაზა. შემდეგ
ამ წრიდან ფურცლის ბოლოებამდე გაივლება ხაზები, ისე რომ ფურცელი დაიყოფა იმდენ ნაწილად
რამდენი მოსწავლეც არის კლასში. შემდეგ ყველა მოსწავლე ჩაწერს თავის გრაფაში იმ საგნებისა
თუ ადამიანების სახელებს, რომლებისთვისაც მადლიერები არიან. ამ პლაკატის გამოკვრაც
შეიძლება კლასში.
პატარა ბავშვებისთვის
კი შემდეგი რამ მოვიფიქრე. რამდენადაც მათ უკვა იცოდნენ როგორ იყო ინგლისურად მადლობა,
გაკვეთილის ბოლოს რამდენიმე წუთის განმავლობაში მოსწავლეები წყვილებში უხდიდნენ ერთმანეთს
მადლობას:) რა თქმა უნდა, მეც ჩავერთე ამ აქტივობაში.
No comments:
Post a Comment