Wednesday, October 24, 2012

მრავალმხრივი ინტელექტის თეორია

ბავშვობიდან მჯეროდა, რომ ადამიანს დაბადებიდანვე დაყვება ყველა უნარის ერთობლიობა, მაგალითად, ხატვის, მუსიკის და ა.შ. შემდეგ კი ყველა ინდივიდი სხვადასხვა გზითა და მიმათულებით ავითარებს იმ უნარს, რომელიც ყველაზე მეტად მისაღები და ახლოა მის სულთან. ამ დროს კი დანარჩენი უნარები ერთგვარად მივიწყებული რჩება. და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გვაქვს მაინც და მაინც ხატვისკენ მიდრეკილება და ლექსს ვერასოდეს დავწერთ. უბრალოდ, ჩვენი უნარების განვითარებისას ხატვის უნარი თავიდნვე უფრო მეტად გავააქტიურეთ, ვიდრე ლექსის წერის. 

როცა  ,,ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამაში ჩავერთე, პირველად მაშინ გავიგე განვითარებისა და სწავლების თეორიების შესახებ. ალბათ, ყველას გექნებათ წაკითხული ჰოვარდ გარდნერის ,,მრავალმხრივი ინტელეტის“ თეორიის შესახებ. ამ თეორიამ უფრო განმიმტკიცა ჩემი წარმოდგენა ადამიანისა და მისი ნიჭიერების შესახებ. ეს არის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანისტური მიდგომა განათლების საკითხისადმი.

ამიტომ გადავწყვიტე ჩემს ბლოგზე ამ თეორიისა და მისი შემქმნელის შესახებ მოკლე ინფორმაცია დავწერო.

,,მინდა, რომ ჩემმა ბავშვებმა შეიცნონ სამყარო, თუმცა არა იმიტომ, რომ სამყარო არის მომხიბლავი და ადამიანის გონება კი ცნობისმოყვარე. მსურს, რომ მათ იპოვონ თავიანთი ადგილი იქ დ შეცვალონ ის უკეთესობისკენ. ამ აღქმის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ჩვენი თავის და ჩვენი შესაძლებლობების შეცნობა“ - წერდა ჰოვარდ გარდნერი.


ჰოვარდ ერლ გარდნერის (1943 - ) მოღვაწეობა მიმართულია არა უბრალოდ სამყაროს შეცნობისკენ, არამედ იმ გზებისა და საშუალებების გამონახვისკენ, რომელიც დაგვეხმარება შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ. მისი ნაშრომის ,,გონების ჩარჩოები. მრავალმხრივი ინტელექტის თეორია“, ათი წლისადმი მიძღვნილ გმოცემაში ჰოვარდ გარდნერი წერს:

,,ბიჰევიორისტული და ფსიქომეტრიული თეორიების განვითარების პერიოდში მიჩნევდნენ, რომ ინტელქეტი იყო ერთი მთლიანობა, რომელიც მემკვიდრეობით გადადიოდა; ხოლო ადამიანის გონება დაბადებისას წარმოადგენდა ე. წ. ,,სუფთა დაფას“ და სწორი პირობებისა და შესაბამისი გზების საშუალები შეგვეძლო მისთვის გვესწავლებინა ყველაფერი, რაც მოგვინდებოდა. დღესდღეობით მეცნიერთა დიდი უმრავლესობა რწმუნდება საპირისპირო აზრში; რომ არსებობს მრავალ ინტელექტი, რომელთაგან თითოეული საკმაოდ დამოუკიდებელია ერთმანეთისგან; თითოეულ ინტელექტს გააჩნია თავისი ძლიერი მხარეები და სირთულეები; და რომ ადამიანი არ იბადება ცარიელი გონებით.“

ჰოვარდ გარდნერმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საკითხი, რომ ინტელექტი არის ერთი მთლიანი და წარმოიშობა მხოლოდ ერთი ფაქტორისგან და რომ მისი გაზომვა შესაძლებელია უბრალო IQ ტესტებით. 

ცხოვრება 

ჰოვარდ არდნერი დაიბადა სკრანტონში, პენსილვანიის შტატში 1943 წელს. მშობლებს სურდათ, გარდნერი გაეგზავნათ მასაჩუსეტში, ფილიპის აკადემიაში სასწავლებლად, თუმცა მან უარი განაცხადა. მასაჩუსეტსის ნაცვლად ის შევიდა პენსილვანიის კინგსტონის მოსამზადებელ სკოლაში. აქედან მან გადაინაცვლა ჰარვარდის უნივერსიტეტში. სწორედ აქ გაიცნო მან ერიკ ერიკსონი, ჯერომი ბრუნერი და სხვა იმ დროის მეცნიერები, ვინც დიდი გავლენა მოახდინეს მის შემდგომ ცხოვრებაზე და კარიერულ არჩევანზეც.

სადოქტორო პროგრამის არჩევის შემდეგ ის ჩაერთო ,,პროექტ ნულის“ (Project Zero) მკვლევართა გუნდში და დღემდე რჩება ჰარვარდის უნივერისტეტში, როგორც მკვლევარი და პროფესორი საგანმანათლებლო სფეროში. 

,,პროექტ ნულმა“ შეუქმნა გარდნერს პირობები, რათა ეწარმოებინა დაკვირვებები და კვლევები ადამიანის აზროვნებაზე. 

მრავალმხრივი განვითარების თეორია

ჰოვარდ გარდნერმა თავიდან წარმოადგინა ინტელექტის შვიდი სახეობა. ეს ჩამონათვალი იყო დროებითი. პირველი ორი ინტელექტის სახეობა სკოლებში უკვე მიღებული და დაფასებული იყო. მომდევნო სამი ძირითადად დაკავშირებულია ხელოვნებასთან, ხოლო ბოლო ორი, როგორც მათ ჰოვარდ გარდნერი უწოდებს, არის ,,პიროვნული ინტელექტები“. 

ლინგვისტური ინტელექტი წარმოადგენს ადამიანის მიდრეკილებას წერითი და სალაპარაკო ენისკე,  ენების სწავლის და ენით სასურველი მიზნის მიღწევისა და მიზნების განხორციელბის უნარს. ეს ინტელექტი ასევე შეიცავს უნარს, ეფექტურად მოახდინოს ადამიანმა თავის გადმოცემა ენისა და ენობრივი საშუალებებით. გარდნერის აზრით ამგვარი ინტელეტი უფრო მეტად განვითარებული აქვთ მწერლებს, პოეტებს, იურისტებს, მომხსენებლებს.

ლოგიკურ-მათემატიკური ინტელექტი შეიცავს პრობლემების ლოგიკური ანალიზის, მათემატიკური მოქმედებების ამოხსნის და მეცნიერული კვლევის უარებს. გარდნერის სიტყვებით ეს ინტელექტი მოიცავს კანონზომიერების დადგენის, დედუქციური მსჯელობისა და ლოგიკურად ფიქრის უნარებს. ეს ინტელექტი ყველაზე ხშირად უკავშირდება მეცნიერულ და მათემატიკურ აზროვნებას.

მუსიკალური ინტელექტი მოიცავს მუსიკალური ნაწარმოებების შერულების, შექმნისა და შეფასების უნარებს. გარდნერის აზრით, შეიძლება სტრუქტურული პარალელის გავლება მუსიკალურ და ლინგვისტურ ინტელექტებს შორის. 

ფიზიკურ-კინესთეტიკური ინტელექტი წარმოადგენს ადამიანის უნარს მოახერხოს პრობლემის გადაჭრა მთელი სხეულის ან მისი ნაწილების გამოყენებით. ეს არის  გონებრივი უნარების გამოყენებით სხეულის მოძრაობების კოორდინირების უნარი.
სივრცული ანუ ვიზუალური ინტელექტი წარმოადგენს ღია და დახურული სივრცეების გამოყენების უნარს. ამ ინტელექტის მქონე ადამიანებს კარგი კოორდინაციის უნარი აქვთ. 

ინტერპერსნალური ინტელექტი არის მიმართული სხვა ადამიანების მიზნების, მოტივაციებისა და სურვილების გაგებისკენ. ეს ინტელექტი ეხმარება ადამიანს ეფექტურად ითანამშრომლოს სხვა ადამიანებთან. მასწავლებლები, ვაჭრობაში ჩართული ადამიანები, რელიგიური და პოლიტიკური ლიდერები არიან დაჯილდოებული ამ ინტელექტით.

ინტრაპერსონალური ინეტლექტი არის უნარი საკუთარის თავის შეცნობის, დაფასებისა და გრძნობების აღქმის. გარდნერის აზრით, ეს ინტელექტი გვაძლევს საშუალებას სწორედ წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება.

გარდნერი მიიჩვენს, რომ თითოეული ამ ინტელექტიდან ძალიან იშვიათად მოქმედებს განცალკევებით და დამოუკიდებლად. მათი გამოყენება გხდება ერთდროულად და პრობლემების გადაჭრისა  თუ განვითარების პროცესში ისინი ავსებენ ერთმანეთს.

*** 

ჰოვარდ გარდნერი თეორია ფსიქოლოგებს კრიტიკის გარეშე არ მიუღიათ. დღემდე გრძელდება დებატები ამ თეორიის ჭეშმარიტებისა და სისწორის შესახებ. თუმცა განათლების სფერო საკმაოდ დაინტერესდა მისით და თავის სასარგებლოდ გამოიყენა სკოლებსა თუ კოლეჯებში. 

ჰოვარდ გარდნერი წერს - ,,შვიდი სახის ინტელექტმა შეიძლება წარმოშოს სწავლების შვიდი გზა (მიმართულება) და არა ერთი.“

ჰოვარდ გარდნერის ნაშრომის, ,,გონების ჩარჩოები“ (1983), გამოსვლის შემდეგ ბევრი დაობდა იმაზე, არსებობდა თუ არა კიდევ სხვა სახის ინტელექტი ბუნებაში. მომდევნო კვლევემა აჩვენა, რომ შეიძლებოდა კიდევ რამდენიმე სახის ინელექტის დამატება ამ სიისთვის: ნატურალისტური, სულიერი, ეგზისტენციალური და მორალური. 

ნატურალისტურ ინტელექტი გვაძლევს უნარს შევიცოთ, კლასიფიცირება მოვახდინოთ და გამოვიყენოთ გარემო ჩვენს სასარგებლოდ. ასეთ ადამიანებს უყვარს გარეთ ყოფნა.

გარდნერი ამ უკანასკნელს ეჭვის გარეშე უმატებს თავის სიას, თუმცა, რაც შეეხება ეგზისტენციალურ, სულიერ და მორალურ ინტელექტებს იგი რამდენადმე თავს იკავებს სიაში მათ დამატებაზე, რამდენადაც ამ ცნებების გაგება და აღქმა ძალიან ინდივიდუალურია, მისი აზრით. 


მრავალმხრივი ინტელექტი კლასში

თითოეულ ადამიანს უფრო მეტად აქვს განვითარებული რომელიმე ინტელექტი, ხოლო სხვა შეიძლება ნაკლებად ჰქონდეს განვითარებული. ერთი შეხედვით ძნელია კლასში, ამდენ მოსწავლესთან, ისეთი აქტივობების შერჩვეა, რომ ყველას შესაძლებლობებზე იყოს ისინი მორგებლი, თუმცა ძალიან ბევრი მასწავლებელი ამას ახერხებს და კარგადაც გამოსდის, ამიტომ ვფიქრობ, გარდნერის თეორიის გამოყენების მოსინჯვა ნავდვილად არ იქნება ურიგო.

პირველ რიგში, საინტერესო იქნება გავიგოთ, ვის რომელი ინტელექტი აქვს უფრო მეტად განვითარებული. ამისათვის არსებობს უამრავი ვებ-გვერდები. მაგალითად http://www.bgfl.org/bgfl/custom/resources_ftp/client_ftp/ks3/ict/multiple_int/index.htm, რომელიც საკმაოდ საინტერესო ტესტს გვთავაზობს.

თუ მაინც და მაინც ინტერნეტის გამოყენება ვერ ხერხდება, მსაგვსი ტესტების შექმნა თავადაც შეგიძლიათ. ასევე ძალიან კარგი მეთოდია დაკვირვება, თუმცა ეს ცოტა დიდ დროს მოითხოვს. აჭარაში მცირეკონტიგენტიან სკოლაში ვასწავლიდი, ამიტომ მე ძალიან გამოადვილდა დაკვირვების მეთოდის გამოყენება. მალევე აღმოვაჩინე, რომელ მოსწავლეს რომელი ინტელქტი ჰქონდა განვითარებული და ეს ძალიან დამეხმარა საინტერეს, მათზე მორგებული აქტივობების შერჩევაში.

გარდნერის თეორია იმით არის ძალიან ,,მაგარი“, რომ გვაძლევს საშუალებას ერთი ინტელექტის გამოყებით სხვა ინტელექტების გააქტიურებას. თუ ხედავთ, რომ მოსწავლეს ხატვის უნარი აქვს, მაგრამ ლინგვისტური ინტელექტი ნაკლებად აქვს განვითარებული, გამოიყენეთ ხატვაზე მორგებული აქტივობები ლინგვისტური ინტელექტის გასავითარებლად. და ასე სხვა შემთხვევებშიც. 


ქვემოთ არის ცხრილი ინტელექტების და შესაბამისი აქტივობების. ეს ცხრილი  http://www.teachingenglish.org.uk/articles/multiple-intelligences - დან ამოვიწერე.



სწავლის ტიპი
არის ძლიერი
სწავლობს ყველაზე კარგად
აქტივობები
ლინგვისტური
კითხვაში, წერაში, მოყოლაში
ლაპარაკით, მოსმენით, სიტყვების დანახვით
მეხსიერების თამაშები, უბრალო ცოდნის შესამოწმებელი კითხვარები და გამოცანეი, ისტორიები/ამბები.
ლოგიკურ/
მათემატიკური
ამოცანების ამოხსნაში, ლოგიკისა და მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულების აღმოჩენა-შესწავლაში
კითვების დასმით, კლასიფიკაციით და მაგალითებზე მუშაობით
ფაზლები, ამოცანები, პრობლემების გადაჭრა
სივრცული/
ვიზუალური
ხატვაში, აგებაში, ხელოვნებაში
სივრცული ხედვის გამოყენებით
ფლეშკარტები, ფერები, სურათები, ხატვა, პროექტებზე მუშაობა
მუსიკალური
სიმღერაში, მუსიკის მოსმენაში, მუსიკალურ ინსტუმენტებზე დაკვრაში
სიმღერით, გარითმვით
სიმღერების გამოყენება გაკვეთილის პროცესში
ფიზიკურ/
კინესთეტიკური
მოძრაობაში, საგნების შეხებაში, სხეული ენაში
მოძრაობით, შეხებით, კეთებით
TPR აქტივობები, მოქმედებების შემცველი სიმღერები, Running Dictation, სხეულის ენის გამოყენებით გამოცანების შედგენა (Mime), როლური თამაშები
ინტერპერსონალური
ჯგუფის ხელმძღვანელობაში, მედიაციაში, სხვების გაგებაში
თანამშრომლობით, ჯგუფში მუშაობით, აზრების გაზიარებით
ჯგუფური მუშაობა, დებატები, დისკუსიები, mingle activities
ინტრაპერსონალური
დამოუკიდებლად მუშაობაში
დამუკიდებლი სამუშაოებით
ინდივიდუალურად მუშაობა პროექტებზე
ნატურალისტური
ბუნებაში
გარეთ მუშაობით და ბუნებაზე დაკვირვებით
გარემოსთან დაკავშირებული პროექტები


შეიძლება თავიდან თქვენი აქტივობებით ყველა მოსწავლე კმაყოფილი არ დარჩეს, თუმცა ამით ფარხმლის დაყრა არ შეიძლება. ცადეთ თავიდან, გააუმჯობესეთ აქტივობები და შედეგიც არ დააყოვნებს. მოსწავლეები კი, გაიაზრებენ რა რომ შერჩეული აქტივობებით უფრო უადვილდებათ მასალის ათვისება, უფრო მონდომებულები და თავდაჯერებულები გახდებიან. 


გამოყენებული ვებ-გვერდები:


2 comments:

  1. თეოოო ვამაყობ შენით! ყოჩაღ! :) შაბათს პრეზენტაცია მაქვს გარდნერზე უნივერსიტეტში და ძალიან მეხმარება შენი პოსტი :* მადლობააა! :) :*

    ReplyDelete
  2. გამარჯობათ. მეც ვამაყობ თქვენით. ვამზადებ სტატიას კონფერენციისთვის: ”საუკეტესო პრაქტიკა სკოლაში” . გარდნერს ვეძებდი და ყველაზე უფრო ფართოდ და კარგად თვენს მიერ გაშუქებული გარდნერი ვნახე. ძალიან მომეწონა და დიდი მადლობა. კარგად დამეხმარება საკონფერენციო თემის დაწერაში. ჩემი თემის სახელწოდება: ”გარდნერი სკოლაში”

    ReplyDelete